საკუთრების უფლება


ყველას აქვს საკუთრების ხელშეუხებლობისა და თავისუფალი შეძენის, ფლობისა და განკარგვის უფლება.

პირის მიერ გადახდილი გადასახადების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისი შემოსავლების 20% ან ქონების ღირებულების 2%-ს.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ

კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში;

სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას;

საბაზრო ღირებულების სრული, სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურებით.

საბაზრო ღირებულების სრული და სამართლიანი ანაზღაურების უფლება ვრცელდება საკუთრების შეძენის შემდეგ სახელმწიფოს ქმედების შედეგად მისი ღირებულების შემცირებაზეც.

მეწარმეობისა და შრომის თავისუფლება


მეწარმეობა და შრომა, მათ შორის ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილება, თავისუფალია.

ყველას აქვს კონტრაქტის თავისუფლება.

გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება აღიარებულია.

პოლიტიკური უფლებები


ხელისუფლება ხორციელდება წარმომადგენლობისა და ანგარიშვალდებულების საფუძველზე.

ყველას აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია და თავისუფლება, აწარმოოს აგრესიის, ოკუპაციისა და ტირანიის მიმართ მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

არავის აქვს უფლება, ეკავოს ერთი და იგივე საჯარო თანამდებობა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული შემთხვევებისა.

ადმინისტრაციული უფლებები


ყველას აქვს უფლება:

მიმართოს საჯარო დაწესებულებას;

მიიღოს საჯარო ინფორმაცია და დაესწროს საჯარო სხდომას, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვისათვის;

იყოს მოსმენილი საჯარო დაწესებულების მიერ მისი საქმის გადაწყვეტისას და მიეცეს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

საჯარო დაწესებულების მიერ მისი საქმე გადაწყდეს სწრაფად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, სამართლიანად, დასაბუთებულად და კანონიერად;

უზრუნველყოფილი ჰქონდეს ერთი საქმის გადაწყვეტა ერთი საჯარო მოსამსახურის მიერ.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია

შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი, და რომელიც აუცილებელი ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

არ დაუშვას ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან;

დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მისი პერსონალური მონაცემების სხვა საჯარო დაწესებულების ან კერძო პირთა მიერ გამოთხოვის შესახებ;

დაუყოვნებლივ გაანადგუროს ან შეასწოროს არასწორი ან უკანონო მონაცემები.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა


ყველას აქვს უფლება

უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს;

სასამართლომ საქმე გადაწყვიტოს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, სწრაფი, საჯარო, მიუკერძოებელი და სამართლიანი განხილვის შედეგად;

საჯარო დაწესებულებასთან დავა გადაწყვიტოს არბიტრაჟის მეშვეობით;

მიიღოს ზიანის სრული ანაზღაურება, მათ შორის უკანონო ჩხრეკის, მოსმენის, თვალთვალის, დაკავების, დაპატიმრების, სასამართლოს შეცდომის ან სასჯელის აღსრულებისათვის;

ნებისმიერ გარემოებაში და ნებისმიერ დროს ისარგებლოს მის მიერ არჩეული სამართლებრივი დაცვითა და წარმომადგენლობით;

ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით, აგრეთვე გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და მათზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

საჯარო დაწესებულებასა ან საჯარო მოხელესთან სამართლებრივი დავისას მათ, ვისაც ხელი არ მიუწვდება ეფექტურ და კვალიფიცურ სამართლებრივ ან თარჯიმნის მომსახურებაზე, ასეთი შესაძლებლობით უზრუნველყოფს სახელმწიფო.

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები


ყოველი ადამიანის თავისუფლება, აგრეთვე მისი პიროვნება, საკუთრება, კომუნიკაცია, საქმიანობის და საცხოვრებელი ადგილი, პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემები, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, ადგილი და გარემოება, სადაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების გონივრული მოლოდინი, ხელშეუხებელია.

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ჯეროვანი პროცედურის შედეგად, დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდისას, სასამართლოს მიერ ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას – მის გარეშეც.

გადაუდებელი აუცილებლობის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების საკითხი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა განიხილოს სასამართლომ.

თუ განხილვის დაწყებიდან 24 საათში სასამართლო არ დაადასტურებს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობის მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებას, შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, ხოლო მიყენებული ზიანი – ანაზღაურდეს.

 

დაკავებულისა და პატიმრის უფლებები


დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაკავებიდან, დაპატიმრებიდან თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვიდან 48 საათისა.

დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირს აქვს დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვიდან 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 30 დღეში საქმის წინასწარ მოსმენისა და წინასასამართლო პატიმრობის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე ეფექტური სასამართლო ზედამხედველობის უფლება.

წინასასამართლო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია ბრალდებულის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

არავინ შეიძლება იმყოფებოდეს სასამართლო პატიმრობაში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

დაკავებულს, პატიმარს თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაკავების, პატიმრობის თუ თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ ოჯახის წევრებს ან სხვა ახლობლებს.

დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს უფლება აქვს არ იყოს სრულად იზოლირებული გარე სამყაროსგან, ჰქონდეს კომუნიკაცია და შეხვდეს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მოძღვარს, ექიმს.

 

%d bloggers like this: