ბრალდებულს აქვს სასამართლომდე პირობითი განთავისუფლების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი არ გამოცხადდება სასამართლოს წინაშე, ხელს შეუშლის გამოძიებას ან ჩაიდენს დანაშაულს.

ბრალდებულს აქვს უფლება მიიღოს უფასო ეფექტური და კვალიფიცური სამართლებრივი დახმარება. ბრალდებულს უფლება აქვს, დაცვის მოსამზადებლად ჰქონდეს სათანადო შესაძლებლობები, მათ შორის – დრო.

დევნის დაწყებიდან ან დაკავებიდან 60 დღეში პირს უნდა წარედგინოს საბრალდებო აქტი ან მის მიმართ შეწყდეს დევნა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 120 დღეს.

დაუშვებელია ბრალდება, თუ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა. სასამართლო წინასწარ მოსმენაზე ადასტურებს ბრალდებისა და ბრალდებულის გასამართლების მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებას.

ბრალდებულს უფლება აქვს მისი საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყოს ბრალდებიდან 30 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია ბრალდებულისათვის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების უზრუნველსაყოფად. სასამართლო განხილვის დაწყების გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე.

ბრალდებულს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დაესწროს მისი საქმის განმხილველი სასამართლო სხდომას.

ბრალდებულს აქვს შეუზღუდავი უფლება ხელი მიუწვდებოდეს ბრალდების ხელთ არსებულ გამამართლებელ ან შემამსუბუქებელ მტკიცებულებაზე, მათ შორის მოწმის ჩვენებასა და საექსპერტო დასკვნაზე. ბრალდებულს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით ხელი მიუწვდებოდეს ბრალდების ხელში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე.

არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ყველას აქვს უფლება ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, ვიდრე მისი დანაშაული კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ

პირს აქვს უფლება არ აღიაროს დანაშაული, არ მისცეს რაიმე ჩვენება, რომელიც გამოყენებული იქნება მის ან მის ახლობელთა წინააღმდეგ. ბრალდებულის ან მისი ოჯახის წევრის მიერ დუმილის უფლების გამოყენება ან არასწორი ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას ამ პირის საწინააღმდეგოდ ან მისი მდგომარეობის გასაუარესებლად.

Advertisements