უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის გზით.

უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის ინდივიდუალურ ავტონომიასა და არჩევანის უფლებას და ტოვებდეს ალტერნატიული გზებით ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ეფექტურ შესაძლებლობას.

უფლებათა და თავისუფლებათა ნებისმიერი არსებითი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებს, აგრეთვე შეიცავდეს შემზღუდავი ნორმის არამიზნობრივად გამოყენებისგან დაცვის გარანტიებს.

უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება პრეზუმირებულია. უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ამ დავისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

დაუშვებელია უფლებათა და თავისუფლებათა იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასი იქნება.

უფლებათა და თავისუფლებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ხელი შეეწყოს, ადამიანის ღირსების, ღია, თავისუფალი და ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობათა დამკვიდრებას, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრეცედენტების შესაბამისად.

კონსტიტუციით დაშვებული უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვები არ შეიძლება გაგებულ იქნას იმაზე ფართოდ ვიდრე ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტებით.

ყველა ქმედება ან სამართლებრივი აქტი, რომელიც ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს ბათილია თუ შესაბამის პირს გონივრულ ვადაში კანონით დადგენილი წესით არ განემარტა მისი უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის საფუძვლის და მიზნების შესახებ.

 

Advertisements