პრეამბულა


ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,

ვეფუძნებით რა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებას;

ერთგულნი ვართ რა პირველ და მეორე რესპუბლიკათა დემოკრატიული არჩევანის;

პატივს ვცემთ რა 1921 და 1995 წლების კონსტიტუციურ ტრადიციებს;

ვაგრძელებთ რა ჩვენი წინაპრების შრომასა და ბრძოლას ეროვნული სახელმწიფოს, თავისუფალი ბაზარისა და სამოქალაქო საზოგადოებასათვის;

ვახდენთ რა ევროპული და ატლანტიკური ერების ოჯახის შიგნით თვითგამორკვევას;

ვადასტურებთ რა ქრისტიანობისა და შემწყნარებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენს ისტორიაში;

ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს;

ვზრუნავთ რა ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, ენისა და დამწერლობის დაცვასა და განვითარებაზე;

ვსაზრდოობთ რა დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობით;

ვესწრაფით რა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას;

გამოვხატავთ რა ჩვენს ურყევ ნებას დავამკვიდროთ, განვამტკიცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ეროვნული, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლება;

ვაცხადებთ რა ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას წარუვალ და უზენაეს ფასეულობებად;

ვაღიარებთ რა ხელისუფლებათა დანაწილებას, შეკავებასა და გაწონაწორებას სახელმწიფო წყობის საფუძვლად;

ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლების დასაცავად ვაწესებთ ამ კონსტიტუციას, როგორც მარადიულ ხელშეკრულებას წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს შორის.

უფლებათა და თავისუფლებათა ზოგადი გარანტიები


სახელმწიფო ცნობს და იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ფასეულობებს და ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების რეალიზაციის საშუალებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი განხორციელების გარანტიებს და ეფექტურ საშუალებებს

პირის თავისუფლება იზღუდება მხოლოდ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვათა თანასწორი თავისუფლების უზრუნველსაყოფად

პირისთვის ყველაფერი ნებადართულია, გარდა იმისა, რაც პირდაპირ არ იკრძალება კონსტიტუციითა და კანონით

კონსტიტუციაში არაფერი არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო თავისუფლებების უარყოფის ან კონსტიტუციით ნებადართულზე მეტად შეზღუდვის უფლების მინიჭება

კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპებიდან

უფლებამოსილებები, რომლებიც კონსტიტუციის მიერ პირდაპირ მიკუთვნებული არაა სახელმწიფოსათვის, ეკუთვნის მოქალაქეებს

დაუშვებელია პირის დევნა კონსტიტუციითა, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებითა და პრეცედენტებით განსაზღვრულ ფარგლებში სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობის გამო

თანასწორობის უფლებები


ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია, აქვს სრული და თანაბარი დაცვის, თანაბარი მოპყრობისა და თანაბარი სარგებლის მიღების უფლება.

კანონით დადგენილი ნებისმიერი გამონაკლისი ან განსხვავება ჩაითვლება დაუშვებელ დისკრიმინაციად, თუ არ იქნება დამტკიცებული, რომ

ასეთი გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია;

აუცილებელია თითოეული პირისთვის შესაძლებლობათა თანასწორობის უზრუნველსაყოფად;

ემსახურება საზოგადოებრივი მრავალფეროვნებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას;

არ იწვევს სამოქალაქო თავისუფლებებით თანასწორ საფუძველზე სარგებლობის უფლების გაუქმებას ან დარღვევას.

პირს აქვს საკუთარი კანონიერი ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაციის უფლება, თუ სხვაგვარად შეუძლებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია ვიდრე სხვა პირის კანონიერი ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

სამოქალაქო თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები


ყველას აქვს სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის, აგრეთვე მათი დაცვის უფლება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:

თავისუფლებას წამების, სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან;

უფლებას გახდეს სამეცნიერო ან სამედიცინო ექსპერიმენტების ან ჩარევის ობიექტი მხოლოდ თავისუფალი არჩევანისა და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე;

თავისუფლებას მონობის, იძულებითი შრომისა და ადამიანებით ვაჭრობისაგან.

რწმენისა და სინდისის თავისუფლება


ყველას აქვს ნებისმიერი ან არცერთი რწმენისა და მსოფლხედველობის ყოველგვარი იძულების გარეშე არჩევისა და შეცვლის, აგრეთვე სინდისის აბსოლუტური და განუყოფელი თავისუფლება.

დაუშვებელია სახელმწიფო რელიგიის დაწესება. არცერთის რელიგია არ შეძლება გახდეს მოქალაქეებისათვის სავალდებულო.

სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებული არიან ერთმანეთისაგან. მათ შორის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს კონკორდატის მეშვეობით.

ყველას აქვს უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, როგორც საჯაროდ, ისე კერძოდ, გამოხატოს და იქადაგოს საკუთარი რწმენა ან მსოფლხედველობა, აღასრულოს ღვთისმსახურება, ილოცოს, შექმნას სამლოცველო, მისდიოს თავისი რწმენის მოძღვრებასა და დაიცვას მისი წეს-ჩვეულებები, დაცული ჰქონდეს აღსარების საიდუმლოება.

რელიგიურ თემებსა და ორგანიზაციებს აქვთ უფლება

ჰქონდეთ თავისუფლად ღვთისმსახურებისა და შეკრების ადგილი;

თავისუფლად გაეცნონ, შეიძინონ და ფლობდნენ რელიგიურ ლიტერატურას მათთვის სასურველ ენაზე;

დამოუკიდებლად განსაზღვრონ ორგანიზაციის მოწყობა და სტრუქტურა, პერსონალი;

მიიღონ შემოსავალი და შემოწირულობები.

სინდისისმიერი წინააღმდეგობის უფლება აღიარებულია.

დაუშვებელია ადამიანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მის რწმენას, სინდისს ან მსოფლხედველობას.

გამოხატვის თავისუფლება


ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს:

აზრის აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;

საკუთარი შეხედულებების გამოთქმის იძულებისაგან აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;

პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;

ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;

ბეჭდვითი, ელექტრონული ან სხვა მედიის თავისუფლებასა და ყოველგვარი ცენზურის დაუშვებლობას;

ჟურნალისტის უფლებას არ გათქვას ინფორმაციის წყარო;

მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;

სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;

მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება;

ქველმოქმედების თავისუფლებას;

ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;

უფლებას, არ განიცადოს იძულებითი ასიმილაცია, შეინარჩუნოს, გამოხატოს ან განავითაროს თავისი კულტურული რელიგიური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილება.

საჯარო პირის კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენების შესახებ, რომლის ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის.

გაერთიანების თავისუფლება


ყოველ ადამიანს, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად, აქვს გაერთიანების თავისუფლება, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უფლებას:

შექმნას გაერთიანება რეგისტრაციის ან სხვა სახის ნებართვის გარეშე და მოიპოვოს იურიდიული პირის სტატუსი;

ნებაყოფლობით გაწევრიანდეს ან უარი თქვას გაერთიანების წევრობაზე;

მოიზიდოს წევრები და შემოწირულობები;

დამოუკიდებლად აირჩიოს ხელმძღვანელები და წამომადგენლები;

არ დაიბეგროს ქველმოქმედებისა და არასამეწარმეო საქმიანობისათვის.

%d bloggers like this: